ინდონეზია

ინდონეზიური ავიახაზის ორ პილოტს ფრენისას ჩაეძინა, რის გამოც თვითმფრინავმა გეზს გადაუხვია

Batik Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი ინდონეზიის აეროპორტში, 2022 წელი
Mahyuddin/AFP/Getty Images

ინდონეზიის სამთავრობო მედია Antara-ს ცნობით, ერთ-ერთი ბოლო ფრენისას Batik Air-ის ავიახაზების ორ პილოტს გზაში ერთდროულად 28 წუთის განმავლობაში ეძინა, რამაც ნავიგაციური ხარვეზები გამოიწვია, ვინაიდან თვითმფრინავი არასწორ გეზზე აღმოჩნდა.

მომხდარზე ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს, რასაც სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორი კრისტი ენდა მურნი ადასტურებს.

თვითმფრინავი შიდა ფრენას პროვინციის ქალაქ კენდარიდან ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტის მიმართულებით ასრულებდა, რისი ხანგრძლივობაც ორი საათი და 35 წუთი უნდა ყოფილიყო. შემთხვევის შედეგად 153 მგზავრისა და ეკიპაჟის ოთხი წევრისგან არავინ დაშავებულა, და არც თვითმფრინავი დაზიანდა.

წინასწარი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფრენის დაწყებამდე მთავარ პილოტს დამხმარემ შეატყობინა, რომ "კარგად დასვენებული" არ იყო, თუმცა, ფრენის დროს დამხმარემ 30 წუთით დაძინება მოახერხა, რის შემდეგაც მთავარმა პილოტმა მას დაძინებისთვის ნებართვა სთხოვა. შედეგად, თვითმფრინავს მხოლოდ დამხმარე პილოტი მართავდა, მაგრამ დაახლოებით 90 წუთში მასაც ჩაეძინა.

ბოლო შეტყობინებიდან 12 წუთის შემდეგ თვითმფრინავთან დაკავშირება ჯაკარტის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრმა სცადა, თუმცა პილოტებისგან პასუხი ვერ მიიღო. ხოლო 28 წუთის შემდეგ მთავარ პილოტს გამოეღვიძა და მიხვდა, რომ თვითმფრინავი არასწორ გეზზე იყო, რის შემდეგაც მან დამხმარე პილოტიც გააღვიძა. მათ მართვის ცენტრს უთხრეს, რომ თვითმფრინავს "რადიო კომუნიკაციის პრობლემა" შეემთხვა.

კომენტარები