საკონსტიტუციო ცვლილებები

დეგნანი: პატივს ვცემ კობახიძის ცოდნას – მეც მაქვს გამოცდილება საკონსტიტუციო სამართალში

პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ასევე, ბევრი სხვა კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, რომლებსაც საქართველოში შევხვედრივარ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო დაჯილდოებულია ძალიან ბევრი განათლებული საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტით. მეც პირადად მაქვს გამოცდილება საკონსტიტუციო სამართალში, მათ შორის, დავხმარებივარ ქვეყნების მათი კონსტიტუციის დაწერაში. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის და პოლიტიკური სისტემის შედარებითი ანალიზი.

როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითებზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი. ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არჩევნებზე დაბალი ბარიერი იქნებოდა სასარგებლო და ეს დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, როდესაც 1%-იანი ბარიერის შედეგად პარლამენტში აღმოჩნდა 9 განსხვავებული პარტია. ეს შეფასდა, როგორც დადებითი განვითარება. ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტიაც. ამის შემდეგ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება.

ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის.

კომენტარები