ალეკ ბოლდუინი

კარიერა ფეხებზე მკიდია – ბოლდუინმა ტრაგიკულ შემთხვევაზე ვრცლად ილაპარაკა

ABC News

ალეკ ბოლდუინმა სატელევიზიო არხ ABC-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ვრცლად ილაპარაკა.

გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ დასმულ მთავარ კითხვებს მსახიობმა ასე უპასუხა:

იარაღის გასროლის შესახებ: "სასხლეტისთვის თითი არ გამომიკრავს. ჩახმახს ხელი ავუშვი და იარაღმა თავისით გაისროლა. ვიმეორებ სასხლეტისთვის თითი არ გამომიკრავს".

საბრძოლო ვაზნის შესახებ: "საბრძოლო ვაზნა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გადასაღებ მოედანზე. წარმოდგენა არ მაქვს რატომ აღმოჩნდა იარაღში საბრძოლო ვაზნა. არაფერი მაქვს დასამალი".

ჰალინა ჰატჩინსის ქმართან შეხვედრის შესახებ: "არ ვიცოდი რა მეთქვა. გადამეხვია და მითხრა "ვფიქრობ ეს გასაჭირი ერთად უნდა გამოვიაროთ". მათ შვილს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ამ პატარა ბიჭს მშობლის გარეშე მოუწევს გაზრდა... და ვერაფერს ვიზამთ დედამისის დასაბრუნებლად".

ჰალინა ჰატჩინსის შესახებ: "ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო. ერთ ერთი ყველაზე პატივსაცემი პროფესიონალი".

ტრამპის კომენტარის შესახებ: "როდესაც მეგონა, რომ უფრო სურეალისტური ვერაფერი მოხდებოდა, მოვისმინე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის კომენტარი". 

კარიერის შესახებ: "ახლა კარიერაზე საერთოდ ვერ ვფიქრობ, ფეხებზე მკიდია. შესაძლოა დასრულდა კიდევაც".

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

"არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ცოლის, დედის და ჩვენი კოლეგის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციასთან სრულად ვთანამშრომლობ". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ალეკ ბოლდუინი ტრაგედიას.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები