ალეკ ბოლდუინი

ტრამპი ბოლდუინზე: შეშლილია, შეუმოწმებელი იარაღიდან ადამიანს რატომ ესროლა?

Be Funky

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

"ის პრობლემური ტიპია. ცოტათი ვერ არის. წლებია ვაკვირდები, ჟურნალისტებთან მუშტი-კრივი არაერთხელ გაუმართავს. შეშლილია, სრულ ჭკუაზე არ არის და როდესაც ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე ვერ გამოვრიცხავ, რომ დამნაშავეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება შეუმოწმებელი იარაღი დაუმიზნო ადამიანს, სასხლეტს ხელი გამოკრა, ესროლო და მოკლა? შეისაძლოა თავად დატენა იარაღი". – ამბობს რადიოს წამყვან კრის სტიგალთან ინტერვიუში ტრამპი.

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

წარსულში ბოლდუინმა პრეზიდენტის პოლიტიკა არაერთხელ გააკრიტიკა. შოუში Saturday Night Live მსახიობი ტრამპის პაროდიასაც აკეთებდა. 

უბედური შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, დონალდ ტრამპ ჯუნიორმა, ბოლდუინის ტრაგედიის დასაცინი მაისურები გამოუშვა.

წყარო: Insider

კომენტარები