ენერგეტიკა

OPEC+ ნავთობის მოპოვებას ზრდის, შესაძლოა, საქართველოში საწვავი გაიაფდეს

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) იანვრიდან ნავთობის მოპოვების დღიურად 400 000 ბარელით გაზრდაზე შეთანხმდა

ანალიტიკოსების ვარაუდით, მიწოდების ზრდა ნავთობპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებას გამოიწვევს, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, ქართულ ბენზინგასამართ სადგურებზეც.
 
გარდა OPEC-ის მიერ მიწოდების გაზრდისა, საწვავის ფასების შემცირების მიზნით, აშშ სტრატეგიული რეზერვებიდან მილიონობით ბარელი ნავთობის გაშვებასაც გეგმავს.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაუფასურება გამოიწვია, ამჟამინდელი მონაცემებით, Light Sweet Crude-ის ღირებულება ბარელზე 66.5 დოლარს შეადგენს, Brent-ის კი – 71.6 დოლარს. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში Brent-ის ღირებულება 86.4 დოლარს შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილება მყისიერად არ აისახება ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასებზე, რადგან ნავთობის იმპორტიორი კომპანიები ფასებს რეზერვში არსებული (წარსულში შეძენილი) საწვავის ღირებულების და ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით ადგენენ. თუკი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებზე დაღმავალი ტენდენცია შენარჩუნდება, სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვეში საწვავი ქართულ ბაზარზეც გაიაფდება.
 
ექსპერტთა ნაწილი პოტენციურ გამოწვევად COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდას და ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებას მიიჩნევს. მკაცრი რეგულაციების დაწესება მობილობის შეზღუდვას და საწვავზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რის საპასუხოდ, შესაძლოა, OPEC-მა მოპოვება და მიწოდება ისევ შეამციროს. 


ევროპის მასშტაბით მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საქართველოში საწვავი მკვეთრად გაძვირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაა. 

პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, OPEC+მა ნავთობის მიწოდება შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპის მასშტაბით რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოხსნილია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, OPEC-ს მიწოდება მნიშვნელოვნად არ გაუზრდია, რამაც ნავთობპროდუქტების გაძვირება გამოიწვია.

კომენტარები