საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9% შეადგინა. 2021 წლის პირველი ათი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 10.5%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა, 2019 წელთან შედარებით, 6.8%-ით შემცირდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 49.2 მილიარდი ლარი [$15.8 მლრდ] შეადგინა, მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 234 ლარი [$4 255].
საქართველოს მთავრობა 2021 წლის ბოლო მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.
2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი 2020 წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.
ოქტომბერში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა.
ეკონომიკა
2021 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg




