მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: სააკაშვილს დარეკვის უფლება არ აღუდგინეს, ხელისუფლების ამოცანა მისი იზოლაციაა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასებით, ხელისუფლების ამოცანა მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაა. ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმის განხილვის შემდეგ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარის უფლების ჩამორთმევა შეაფასა.

"დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი: საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება, საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ ფორმით წარმოდგენა არის ქართული ისტორიის სირცხვილი.

დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილს, სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. მან კვლავ ისე უნდა გაატაროს გორის ჰოსპიტალში, როგორც აქამდე - მე-18, მე-12 დაწესებულებაში, ისე უნდა იყოს, რომ სატელეფონო ზარის განხორციელება არ შეეძლოს. ასობით, ათასობით სხვა დაწესებულებაში მოთავსებულ ადამიანს შეუძლია დარეკოს, მიხეილ სააკაშვილს - არ შეუძლია. ამ საკითხის სამართლებრივი ასპექტი მეათეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ხელისუფლების ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია. კიდევ ერთხელ დღეს მოხდა ლუსტრაცია, რომ ქართული მართლმსაჯულება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ამბობს, თუ მწვანე არ არის ანთებული ბრეგაძის მიერ."- ამბობს ბასილაია.


20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექიმებისა და ადვოკატების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესებზე მისცეს.

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

კომენტარები