ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება

კირთაძე: ვითხოვთ შეხვედრას ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ომბუდსმენთან

კადრი ვიდეოდან/ მთავარი არხი

ბათუმში, ოპოზიციის წევრები მიმდანარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ელჩებთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, ლელოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თქვეს. 

ენმ-ის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ოპოზიციის წევრები მომდევნო კვირაში გეგმავენ თბილისში ჩასვლას და შეხვედრების გამართვას.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიებას საქმის მთავარი ბრალდებული თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე ხელმძღვანელობს და ასევე, ბათუმის ბიუჯეტი ძალადობრივად დაამტკიცდა, სხვა გზა აღარ რჩებათ და მათ პირადად უნდა აუხსნან არასამთავრებოებსა და დიპლომატიურ კორპუსს ბათუმში მიმდინარე მოვლენების სიმძიმე. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ჯგუფი, მომავალი კვირიდან, ჩავა აუცილებლად თბილისში. ვითხოვთ, შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუმენტალურად, პირადად ავუხსნათ, თუ რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში. ვთხოვთ მათ რომ მოახერხონ ჩვენთან შეხვედრა, რათა დოკუმენტალურად, ფაქტებით ავუხსნათ, თუ რასთან გვაქვს საქმე".- ამბობს გიორგი კირთაძე. 

ლელოს წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, აჭარაში ხელისუფლება ქართულმა ოცნებამ მიიტაცა. მისი თქმით, უკომპრომისო ბრძოლას აპირებს. 

"არ ვაპირებ დანებებას, რკინის ქალამნებს ჩავიცმევთ და ბოლომდე ვივლით სანამ არ მივიტანთ ყველა პრობლემას ჩვენს მეგობრებამდე".- თქვა მან. 


ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოში მათ არჩეულ წევრ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა. კირთაძე ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე იყო. ენმ-მ 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერიც, რომელსაც გიორგი კირთაძის თქმით, თავად ნუგზარ ფუტკარაძე იწერდა. მათივე ცნობით, მოსალაპარაკებლად მისულები იყვნენ ასლან აბაშიძის დროის მაღალჩინოსნები, ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. მიზანი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ზეწოლაში მონაწილეობდა. 

კომენტარები