ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება

ნუგზარ ფუტკარაძის და: თორნიკე რიჟვაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა

მთავარი არხი

"დატოვოს თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა" – ასეთია აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი მოქალაქეებისა და ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრების მოთხოვნა. 

24 ნოემბერს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ნუგზარ ფუტკარაძეზე სავარაუდოდ ხელისუფლების დავალებით, გადაბირების მიზნით, გარდაცვალებამდე ზეწოლას ახდენდნენ. 

"არ ვიცი, რა შემიძლია ვთქვა, რაც მე გუშინ მოვუსმინე ჩემი ძმის ხმას, ნამდვილად იყო ზეწოლა. ამ შენობაში ზის მკვლელი მამის შვილი, თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა. არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა მართონ ჩვენი ქვეყანა, რომლებმაც იმსხვერპლეს არაერთი ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული პიროვნება. ჯერ ბავშვის ქვევრში ჩაგდებით ხელისუფლება, ია კერზაია, ზეწოლის მსხვერპლი და ამჟამად ჩემი ძმა კიდევ. ეს სისტემა კლავს. ამ ვიდეოში მონაწილე ადამიანები ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც ჩემი ძმის თანამშრომლები იყვნენ ადრე. ვიღაც კაცს ახსენებენ, რომელიც რა თქმა უნდა, დავით რიჟვაძეა. ფურცელზე დაუწერეს იმათ". – თქვა ნუგზარ ფუტკარაძის დამ. 


ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოში მათ არჩეულ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე გარდაცვალებამდე ზეწოლა მიმდინარეობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე იყო. ენმ-მ 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ასევე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერიც, რომელსაც გიორგი კირთაძის თქმით, თავად ნუგზარ ფუტკარაძე იწერდა. მათივე ცნობით, მოსალაპარაკებლად მისულები იყვნენ ასლან აბაშიძის დროის მაღალჩინოსნები, ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. 

მიზანი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ზეწოლაში მონაწილეობდა. 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები