დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ლუკაშენკო პოლონეთის საზღვართან შეკრებილ მიგრანტებს: გადიხართ? მიბრძანდით

ალექსანდრ ლუკაშენკო და ახლოაღმოსავლელი ლტოლვილები პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან
Reuters

"თუ დასავლეთის მიმართულებით წასვლა გინდათ, არ გაგგუდავთ, არ დაგიჭერთ და არ გცემთ. ეს თქვენი ნებაა. გადიხართ? მიბრძანდით", – ასე მიმართა დღეს, 26 ნოემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ახლოაღმოსავლელ მიგრანტებს, რომლებიც პოლონეთის საზღვართან არიან შეკრებილი. 

ლუკაშენკომ მიგრანტებს უთხრა, რომ ის მათ სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, თუ ამის სურვილი ექნებათ, თუმცა ამას მათ არ დააძალებს. ეს იყო ბელარუსის პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოსვლა ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან, მას შემდეგ, რაც მიგრანტების კრიზისი დაიწყო. ის მათ შეხვდა საზღვართან ახლოს მყოფ საწყობში, რომელიც ახლა თავშესაფრად არის გადაკეთებული. 

ლუკაშენკო მიგრანტებს დასავლეთის მიმართულებით თავისუფლად წასვლის უფლებას აძლევს. 

ერთ-ერთმა ერაყელმა მოზარდმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ მას სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია და ევროპაში გადასვლას იმედოვნებს, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: "ჩვენ არა მხოლო ვიმედოვნებთ, არამედ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ შენი ოცნების მისაღწევად". 

ბელარუსმა დიქტატორმა მიგრანტებს უთხრა, რომ მათ, შესაძლოა, "დასავლური პროპაგანდა" დაიჯერეს.

"ზოგიერთმა თქვენგანმა დასავლეთის პროპაგანდას დაუჯერა, იქ უკეთეს ცხოვრებას ეძებს. ალბათ, იქ ცხოვრება უკეთესია, ვიდრე იმ მიწიდან, საიდანაც მოხვედით. მაგრამ ყველაზე საშინელება, როგორც ვხვდები, არი ის, რომ თქვენ, ზრდასრული ადამიანები სამშობლოში შვილებისთვის პერსპექტივას ვერ ხედავთ", – მიმართა ლუკაშენკომ მიგრანტებს. 

"დაე იცოდნენ, რომ ჩვენ ბელარუსები ვართ და მე, როგორც ბელარუსის პრეზიდენტი, სხვებთან ერთად ვიზამთ ყველაფერს ისე, როგორც მოისურვებთ, თუნდაც ეს ცუდი იყოს პოლონელებისთვის, ლატვიელებისთვის, ან ვინმე სხვისთვის. ისე მოვიქცევით, როგორც ინებებთ", – ეუბნებოდა ბელარუსის პრეზიდენტი ლტოლვილებს. 

"თქვენ გესმით, რომ ომს ვერ დავიწყებთ, რათა პოლონეთიდან გერმანიამდე დერეფანი გაგიჭრათ. ხედავთ, როგორც მოიქცნენ, როცა მიუახლოვდით. გესროლეს შხამქიმიკატები, ხმოვანი ხელყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და ა.შ. ღმერთმა ნუ ქნას, საზღვრის რომ გაცდენოდით, სროლასაც დაიწყებდნენ. იმ მხარის ხალხი გაგიჟდა", – ეუბნებოდა მიგრანტებს ლუკაშენკო.

"ევროპელებს დავპირდით, რომ ყველაფერს ვიზამთ, რათა მსურველები სამშობლოში დაბრუნდნენ, თუ ამის ნება გექნებათ", – აღნიშნა ლუკაშენკომ.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი და ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით მინსკი მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გამართავდა. 

მიგრანტები ბელარუსმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთის საზღვრის მიმდებარე ზონიდან ოდნავ მოშორებით გაიყვანა, თუმცა შემდეგ, ვარშავამ მინსკს ბრალად დადო, რომ ლტოლვილებს კვლავ საზღვართან კრებდნენ. 

გასულ დღეებში პოლონურ მხარეს მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუწიათ, რადგან ისინი საზღვრის ძალადობრივად გადაკვეთას ცდილობდნენ.

კომენტარები