პოლიტიკური კრიზისი

სუბარი: განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო, ბიუჯეტი 2017-ის მოწვევამ დაამტკიცოს

ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება. სუბარის მტკიცებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს დაემტკიცებინა, "ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული" იყო. 

"დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს ვუყურებთ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო.  

ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ". - ამბობს სუბარი. 

სუბარის მტკიცებით, ოპოზიციის ქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, "პრობლემების შექმნას" აპირებდნენ, რათა, მისივე სიტყვებით, არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი და გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის "უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება".

"იქ, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად ვერ მიაღწიონ! დღეს გამართული ცირკი, სპეციფიური სუნის მქონე ხსნარის სხდომათა დარბაზში დასხმა და მათ მიერ გამოყენებული სხვა მეთოდები, კარგად უჩვენებს  ამ ხალხის რეალურ სახეს. მიუხედავად ამისა, მინდა ვუთხრა, თითოეულ მათგანს, რომ როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაში ხელს ვერ შეგვიშლიან!" - ამბობს სუბარი.  

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა. 

ბათუმის საკრებულოში პროსტესტს ასევე წინ უძღოდა 24 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საკრებულოში მათი არჩეული დეპუტატისგან, ნუგზარ ფუტკარაძისგან ორი ადამიანი პარტიის დატოვებას და საკანონმდებლო ორგანოში "ნეიტრალურობის" შენარჩუნებას მოითხოვს. ენმ-ს ლიდერების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძეს შესთავაზეს თანხაც, 100 000$-ის ოდენობით, სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლაზე გადავიდნენ. მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძესთან აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ენმ-ს სამი ადგილობრივი ლიდერი გამოკითხა

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება იმავე დღესვე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები