პოლიტიკური კრიზისი

შსს-მ ბათუმსა და ზუგდიდში 6 ადამიანი დააკავა

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებთან საპროტესტო აქციაზე ჯამში 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

"პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა. 

ბათუმის საკრებულოში პროსტესტს ასევე წინ უძღოდა 24 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საკრებულოში მათი არჩეული დეპუტატისგან, ნუგზარ ფუტკარაძისგან ორი ადამიანი პარტიის დატოვებას და საკანონმდებლო ორგანოში "ნეიტრალურობის" შენარჩუნებას მოითხოვს. ენმ-ს ლიდერების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძეს შესთავაზეს თანხაც, 100 000$-ის ოდენობით, სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლაზე გადავიდნენ. მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძესთან აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ენმ-ს სამი ადგილობრივი ლიდერი გამოკითხა

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს-ს ცნობიოთ, გამოძიება იმავე დღესვე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

კომენტარები