პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე ზუგდიდსა და ბათუმზე: ოცნების კიდევ ერთი ნაბიჯია კონფრონტაციისკენ

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

პარტია ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება ქართული ოცნების კიდევ ერთი ნაბიჯია კონფრონტაციისაკენ და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

"ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი კონფრონტაციისა და დაძაბულობისკენ გადადგმული ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ, რომ რაც ახლა იქ ხდება, ეს არის ამოვარდნილი საერთოდ ყველა ლოგიკიდან, ეწინააღმდეგება ქართველი ამომრჩევლის ნებას, რადგან ამ ქალაქებში მოსახლეობამ ხმა მისცა ახალ საკრებულოებს, სადაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, შესაბამისად, ის რაც ძველმა საკრებულომ გააკეთა, ეს არის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და ემსახურება ვითარების დაძაბვას.

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც წარმავალმა საკრებულომ დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი. ჩვენ გვესმოდა ქართული ოცნების მხრიდან განცხადებები, რომ, აი, თქვენ ნახავთ, როგორ კონსტრუქციულად მოვიქცევით მაშინ, როდესაც უმცირესობაში ვიქნებითო, თუმცა ჩვენ ვნახეთ ახლა რაც ხდება, არიან უმცირესობაში და ყველანაირი ხრიკებით ცდილობენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, სხვაგვარად ამ მოვლენებს ჩვენ ვერ შევაფასებთ", 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა. 

ბათუმის საკრებულოში პროსტესტს ასევე წინ უძღოდა 24 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საკრებულოში მათი არჩეული დეპუტატისგან, ნუგზარ ფუტკარაძისგან ორი ადამიანი პარტიის დატოვებას და საკანონმდებლო ორგანოში "ნეიტრალურობის" შენარჩუნებას მოითხოვს. ენმ-ს ლიდერების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძეს შესთავაზეს თანხაც, 100 000$-ის ოდენობით, სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლაზე გადავიდნენ. მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძესთან აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ენმ-ს სამი ადგილობრივი ლიდერი გამოკითხა

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს-ს ცნობიოთ, გამოძიება იმავე დღესვე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები