ევროპული საქართველო

ბოკერია: ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის გზავნილები სრული კაკაფონია იყო

მოსახლეობის უბრალო უმრავლესობას, ანუ 50%-ზე მეტ ადამიანს მყარად უნდა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება, თუმცა, ასეთ რეჟიმებს არაავტორიტარული რეჟიმებისგან სწორედ ის განასხვავებს, რომ ავტორიტარული რეჟიმების ცვლილებისთვის უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის – არც საარჩევნო ცვლილებისთვის და, მითუმეტეს, არც არასაარჩევნო ცვლილებისთვის, მშვიდობიანი რევოლუციისთვის. 

მე მგონია, რომ ჩვენ, ევროპული საქართველო, იმ მასშტაბით, იმ გავლენით, რაც ჩვენ გვაქვს, მწარე სიმართლეს ვეტყვით საზოგადოებას და ვეტყვით, რა გზას ვხედავთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. 

მე შემიძლია, გესაუბროთ ჩვენს ხედვებზე. მე ვერაფერს გეტყვით, მაგალითად, ლელოზე და გირჩი - მეტი თავისუფლებაზე. ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის გზავნილები საერთოდ სრული კაკაფონია იყო. ჯერ გამოვიდნენ და იმ მიტინგზე ნიკა მელიამ თქვა, წლის ბოლომდე დავამთავრებთ ხელისუფლებას, ისე სახლში არ შევალთო. ომახიანად ნათქვამი იყო და ტაში მოსწყვიტა. მერე გამოვიდა ბატონი ხაზარაძე და თქვა, რომ ტოვებს მანდატს, იმანაც ტაში მოსწყვიტა. მერე გაირკვა, რომ ლელომ ბოიკოტი შეწყვიტა იმიტომ, რომ გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. ორი მიმართულებით ერთდროულად ხომ ვერ ივლი? მე მესმის იმ გაბრაზებული ადამიანების, ვინც სწრაფად ითხოვს შედეგებს, მაგრამ პოლიტიკური ლიდერის როლი სწორედ იმაშია, რასაც სიმართლედ მიიჩნევს, ის თქვას. შენ თუ უგორებ ამ არასწორ განწყობებს, მერე რასაც დათესავ, იმას მოიმკი. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა. გიგა ბოკერიამ მიმოიხილა პოლიტიკური ლიდერების გზავნილები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან დღემდე. 

კომენტარები