ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოს ძველი მოწვევა ხვალ ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს, რასაც პროტესტი მოჰყვა

სქრინი Batumelebi.netgazeti.ge-ის Live ვიდეოდან

ბათუმის საკრებულოს წინა მოწვევა ხვალ, 26 ნოემბერს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

25 ნოემბერს საკრებულოში ბიუროს სხდომას, სადაც დასამტკიცებელ პროექტს განიხილავდნენ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი მოითხოვდნენ, რომ წინა მოწვევას ბიუჯეტი არ დაემტკიცებინა, რის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს ახალი მოწვევის დეპუტატებს სამართალდამცველებმა საკრებულოს შენობა დაატოვებინეს. 

"მე ამ წუთში ვარ ბათუმის საკრებულოს წევრი, მათ შორის, ბიუროს წევრიც ვარ და პოლიციის ძალით გამომიშვეს გარეთ, გამოუშვეს ჟურნალისტებიც. პოლიცია იცავს ახლა სულიკო თებიძეს, ეტყობა, ხელის აწევაში ეხმარებიან მას, მაგრამ დიდი ალბათობით, ბიუროს უკვე მიღებული აქვს პროექტი. ხვალ იქნება სხდომა. ამ ადამიანების უმეტესობა ახალ საკრებულოში აღარ იქნება, მაგრამ ისინი ყოველგვარი თავმოყვარეობის გარეშე ბათუმელებს ეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რა გადაწყვეტილება მიიღეს მათ 2 ოქტომბერს და რომ ისინი ემსახურებიან პარტიას. ამას ამბობს ეს ხალხი". – თქვა მირდატ ქამადაძემ, რომელიც როგორც წინა, ისე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია. 

ბათუმის საკრებულოში ახალი მოწვევის პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება, სადაც ქართულ ოცნებას უმრავლესობა აღარ ექნება. 

კომენტარები