ბათუმის საკრებულო

რიჟვაძე ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობებზე: გამოცხადდეს სრული მორატორიუმი

"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე". – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე თქვა. 

მისივე თქმით, ბულვარი სამართავად ბათუმის თვითმმართველობას დაუბრუნდება და ეს გასცემს კითხვებზე პასუხს. აქამდე ბათუმის ბულვარს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავდა.

"ისიც გასაგებია, რომ ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ, მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის  სამართავად გადაცემა, ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხებს გასცემს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ბათუმელებში, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში". – ამბობს რიჟვაძე. 


დღეს, 30 მარტს ბათუმის საკრებულო სასტუმრო მერიდიანისთვის 3 380 კვადრატულ მეტრ პლაჟის გადაცემას აპირებდა. მოქალაქეები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც მათ შესვლის საშუალება არ მისცეს. 

კომენტარები