მიხეილ სააკაშვილი

ხერხეულიძე: სააკაშვილი გორში გადაყვანის წინააღმდეგი არაა, მას აქვს ერთი ტექნიკური პირობა

TV პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, ის გადაიყვანონ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ერთი ტექნიკური პირობით, რომელსაც მედიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია გააცნობს. 

"მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და არჩევანი არ ყოფილა საქართველოში რომელიმე ჰოსპიტალში მოხვედრა. მისი საქართველოში შემოსვლის განზრახვა იცით, რასთან იყო დაკავშირებული. ეს იყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რაც მოხდა, იცით და მიხეილ სააკაშვილი სად იმყოფება, იცით. 

იქიდან გამომდინარე, რომ მის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი, ის ძალიან განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს [ხოშტარია] მდგომარეობას, რომლისთვისაც უკვე შიმშილობის მე-17 დღეა და რთული მდგომარეობა აქვს, აქედან გამომდინარე ითვალისწინებს ამ პოზიციას. თავისთავად სურს, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას ახლა და ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას". – თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 50-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები