მიხეილ სააკაშვილი

"შეიძლება მომენტალურად დადგეს მულტიორგანული გართულება" – ომბუდსმენის მიერ მოწვეული ექიმი

გიორგი გრიგოლია

"მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როდესაც შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება". - ამბობს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმთა ჯგუფის წევრი, გიორგი გრიგოლია.

მისივე თქმით, სააკაშვილს მკურნალობის ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. 

"როდესაც პაციენტს აქვს რომელიმე ორგანოს - მაგალითად, გულის, ღვიძლის ან ფილტვის დაავადება, სპეციფიკური მკურნალობა არის საჭირო, რაც უფრო ადვილია. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის. ჯერ ის სტადიაა, როდესაც ამ ადამიანის ინტენსიურად მკურნალობა შეიძლება და ფატალური გართულებების თავიდან აცილება. ამას სჭირდება ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, კვლევები. იქ არის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებით და მორიგეობით“. - ამბობს გრიგოლია. 

რაც შეეხება გლდანის ციხის საავადმყოფოს, გრიგოლიას თქმით, კლინიკაში არიან მხოლოდ რეანიმატოლოგები, სააკაშვილი კი, მისივე თქმით, ჯერჯერობით რეანიმაციას არ საჭიროებს. 

"ჩვენ ვესაუბრეთ გლდანის ციხის სამედიცინო სამსახურის დირექტორს და ერთ-ერთ რეანიმაციულ ბრიგადას, რომელიც დროებით არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. მათ კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ესენი არიან რეანიმატოლოგები და სააკაშვილი რეანიმაციას ჯერ არ საჭიროებს. მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, სადაც უნდა მკურნალობდნენ არა რეანიმატოლოგები, არამედ თერაპევტები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები და ა.შ. გლდანის ციხეში მომუშავე რეგულარულ პერსონალს ჩვენ არ შევხვედრილვართ და ჩვენს კომპეტენციაში არც იყო მათი პროფესიონალიზმის შეფასება და ეს შეუძლებელიც იქნებოდა". - ამბობს გრიგოლია. 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 48-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები