პენგ შუაი

ჩინელი ჩოგბურთელი, რომელმაც ყოფილი ვიცე-პრემიერი სექსუალურ ძალადობაში ამხილა, გაუჩინარდა

Yahoo Sport

ჩინელი ჩოგბურთელი პენგ შუაი, რომელმაც ქვეყნის ყოფილი ვიცე პრემიერი ჩჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, გაუჩინარდა. 

2 ნოემბერს ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo სპორტსმენმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ 2018 წელს გაოლიმ გააუპატიურა. ჩოგბურთელის პოსტი 20 წუთში წაიშალა, ამ დროისთვის შუაის ანგარიში სოციალურ ქსელში აღარ არსებობს. 

ჩოგბურთელთან კონტაქტზე გასვლა სცადეს სხვა სპორტსმენებმა და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ WTA. ასოციაციის თქმით შუაი გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის.

შუაის გაუჩინარებას გამოეხმაურა ოთხი გრანდ სლემის მფლობელი და ყოფილი პირველი ჩოგანი ნაომი ოსაკა. 

"შუაი დაიკარგა მას შემდეგ, რაც ყველას გააგებინა, რომ მასზე სექსუალურად ძალადობდნენ. ცენზურა მიუღებელია. იმედი მაქვს, რომ უსაფრთხოდ და კარგადაა. ამ ამბით შოკირებული ვარ". – წერს ოსაკა. 

ჩოგბურთელის გაუჩინარებაზე ასევე ილაპარაკა მოქმედმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

"შოკირებული ვარ ამ ამბით. შუაის ტურნირებზე არაერთხელ შევხვედრივარ. დიდი იმედი მაქვს რომ უსაფრთხოდ არის, იმის წარმოდგენაც არ მინდა, თუ რას განიცდიან ამ წუთებში მისი ოჯახის წევრები". – ამბობს ჯოკოვიჩი.

პენგ შუაიმ პროფესიონალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. სხვადასხვა წლებში მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი წყვილთა თანრიგში. 2014 წელს იყო პირველი ჩოგანი წყვილთა თანრიგში. ერთეულთა თანრიგში მისი საუკეთესო შედეგია US Open-ის ნახევარფინალი და მეთოთხმეტე ადგილი WTA-ს რეიტინგში.

კომენტარები