პენგ შუაი

ჩინელმა ჩოგბურთელმა სექსუალური ძალადობის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს გაუგებრობა უწოდა

ჩინელმა ჩოგბურთელმა პენგ შუაიმ გაუჩინარების შემდეგ დასავლურ მედიას პირველი ინტერვიუ მისცა. სპორტსმენმა ფრანგულ გამოცემა L'Equipe-თან საუბრისას, ჩინეთის ვიცეპრემიერის, ჩჟან გაოლის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ გამოქვეყნებულ და შემდეგ წაშლილ პოსტს "გაუგებრობა" უწოდა.

ჩოგბურთელმა ჩინეთის ყოფილი ვიცეპრემიერი სექსუალურ ძალადობაში გასულ წელს ამხილა. 2 ნოემბერს ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo სპორტსმენმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ 2018 წელს გაოლიმ გააუპატიურა. ჩოგბურთელის პოსტი 20 წუთში წაიშალა, შემდეგ კი სოციალური ქსელიდან მისი პირადი ანგარიშიც გაქრა.

ამის შემდეგ ჩინელ ჩოგბურთელთან რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავშირებას სხვადასხვა მედიასაშულებები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები უშედეგოდ ცდილობდნენ. ამის შემდეგ ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შუაის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მოგვიანებით კი ჩოგბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია თავადვე დაადასტურა და სექსუალური ძალადობის ფაქტი უარჰყო.

დასავლური მედიის ვარაუდით, შესაძლოა, ჩოგბურთელი ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დააშინეს და სექსუალური ძალადობის უარჰყოფა აიძულეს. თუმცა, L'Equipe-თან საუბრისას შუაიმ მომხდარი კიდევ ერთხელ უარჰყო და გავრცელებულ პოსტს "გაუგებრობა" უწოდა.

"მადლობას ვუხდი მათ, ვინც ჩემს მდგომარეობაზე ღელავდა. თუმცა მაინტერესებს, რატომ შეწუხდნენ ასე ძალიან? მე არასდროს მითქვამს, რომ ვინმემ ჩემზე სექსუალურად იძალადა". - უთხრა ჩოგბურთელმა ფრანგულ გამოცემას.

პენგ შუაიმ პროფესიონალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. სხვადასხვა წლებში მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი წყვილთა თანრიგში. 2014 წელს იყო პირველი ჩოგანი წყვილთა თანრიგში. ერთეულთა თანრიგში მისი საუკეთესო შედეგია US Open-ის ნახევარფინალი და მეთოთხმეტე ადგილი WTA-ს რეიტინგში.

კომენტარები