COVID-19

სლოვაკეთში აუცრელი მოსახლეობისთვის შეზღუდვების დაწესება იგეგმება

პრემიერმინისტრ ედუარდ ჰეგერის თქმით, COVID-19-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო, სლოვაკეთში აუცრელი მოსახლეობისათვის შეზღუდვების დაწესება იგეგმება

სლოვაკეთის 5.5-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 45%-ია აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, რომელიც 65%-ს შეადგეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, აუცრელ მოქალაქეებს შეეზღუდებათ სასტუმროებით, მუზეუმებით, რესტორნებით, სპორტული და გასართობი ცენტრებით სარგებლობის უფლება. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვები სლოვაკეთის მეზობელ ქვეყანაში, ავსტრიაშიც დაწესდა, სადაც არავაქცინირებულებს გარკვეული სერვისებით სარგებლობის გარდა, ნაწილობრივ გადაადგილების უფლებაც შეეზღუდათ. 

ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეზღუდვების დაწესება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული.

"ცხადია, რომ ვაქცინირებულთათვის შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს. მოსახლეობის ორი მესამედი აუცრელთა გამო არ უნდა დაიტანჯოს". – ამბობს კანცლერი ალექსანდრ შალენბერგი.

უკანასკნელ 24 საათში სლოვაკეთში COVID-19-ით ინფიცირების 8 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ავსტრიაში კი – 14 400.

კომენტარები