კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს გადასცდა

AFP - Getty Images

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ჯამურად Covid 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 11 057 გახდა. აქედან 921 პაციენტი მხოლოდ ნოემბრის 14 დღეში გარდაიცვალა. 

საქართველო მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, ბოლო 1 კვირის მონაცემით კი - მე-4-ზე.

NCDC-ს დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება". მისი ცნობით, ამ ეტაპზე მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რიცხვი 1 600-ზე მეტია.

"ეს პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფებიან. ამ ეტაპზე ხელოვნურ ვენტილაციაზე 350-ზე მეტი ადამიანია" - ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით მხოლოდ 1 074 602 ადამიანია აცრილი (მოზრდილი მოსახლეობის 33.8%), ხოლო სრულად - 966 143 ადამიანი (33.8%).

COVID 19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, საქართველოს პრემიერმინისტრი კვლავ იმეორებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს, მათ შორის, არც პრიორიტეტული ჯგუფებისთვის (ექიმები და მასწავლებლები), რასაც NCDC ითხოვს. მეტიც, მწვანე პასპორტებში, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება, განსაზღვრული არ არის კორონავირუსის გადატანის ექვსთვიანი ვადა. ყველა, ვინც ინფიცირებულთა ბაზაშია, თუნცავ გასულ წელს გადატანილი ვირუსის გამო, მწვანე სტატუსით სარგებლობას შეძლებს. 

კომენტარები