დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბრიტანეთის გენერალი: გაერთიანებული სამეფო რუსეთთან ომისთვის მზად უნდა იყოს

გენერალი ნიკ კარტერი

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ნიკ კარტერი, რომელიც საკუთარ თანამდებობას მალე დატოვებს, ამბობს, რომ, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული დაძაბულობის ფონზე, გაერთიანებული სამეფო რუსეთთან ომისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა მან ასევე დაამატა, რომ, მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, "ცხელი ომის" დაწყება არ სურს. 

გენერლის თქმით, რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში ახლა ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ის 8 წლის წინ იყო, როდესაც იგი ამ პოსტზე დაინიშნა. 

კარტერი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ომი არ დაიწყება და ეს არც თავად ამ უკანასკნელს უნდა სურდეს, თუმცა NATO-ს ალიანსი მაინც მზად უნდა იყოს. 

"რუსეთი გლობალურ სტრატეგიულ კონტექსტს ალბათ უყურებს, როგორც მუდმივ დაპირისპირებას, რომელშიც, ვფიქრობ, ისინი მიზნის მისაღწევად ეროვნულ ძალის ინსტრუმენტს გამოიყენებენ. მაგრამ ამით [რუსებს] ცხელი ომის დაწყება არ სურთ. 

მე, როგორც ჯარისკაცი, ომს რეალური შეტაკებებისა და ბრძოლის მნიშვნელობით განვმარტავ. არ მგონია მათ ეს სურდეთ. ვფიქრობ, მათ სურთ მიზანს უფრო ჩახლართული გზებით მიაღწიონ", – ამბობს ნიკ კარტერი. 

მან უკრაინის საზღვრებზე არსებულ სიტუაციას ყურადღების გაფანტვის მცდელობა უწოდა, რასაც, მისი თქმით, რუსეთი წლების განმავლობაში აკეთებს. 

გენერალს BBC-ის გადაცემაში დაუსვეს კითხვა, შეიძლებოდა თუ არა უკრაინის საზღვარზე არსებული ამ სიტუაციის ომში გადაზრდა. 

"არ ვიცი. ვფიქრობ ფხიზლად უნდა ვიყოთ და დავრწმუნდეთ, რომ შეკავების პოლიტიკა გაამართლებს. ასევე, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ NATO-ს ალიანსში ერთიანობაა და ჩვენს ერთობლივ პოზიციაში რაიმე ჩავარდნა არ იქნება", – უპასუხა გენერალმა კარტერმა დასმულ შეკითხვას. 

კარტერმა ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე არსებულ  მიგრანტების კრიზისს სამარცხვინო და ხელოვნურად შექმნილი უწოდა.


ბოლო თვეში, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფების გამო, სიტუაცია დაიძაბა ბელარუსსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებით პოლონეთს შორის. ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების ჯგუფები პოლონეთის საზღვრის გარღვევას ცდილობენ. ვარშავამ საზღვრებზე ჯარისკაცთა რაოდენობა გაზარდა. 

ევროკავშირი მიგრანტების კრიზისს ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს. 

ევროკავშირის მიერ, ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების განხილვას, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მუქარა მოჰყვა, რომ საპასუხოდ ის ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. 

ბელარუსის ცაში გამოჩნდნენ ბირთვული შესაძლებლობის რუსული ბომბდამშენებიც, რომლებიც, ლუკაშენკოს განმარტებით, მინსკს საზღვრის მეორე მხარის გასაკონტროლებლად სჭირდება. 

ბალტიის ქვეყნებმა გამოაქვეყნეს გაფრთხილება, რომ სასაზღვრო დაძაბულობა, შესაძლოა, ომში გადაიზარდოს.

პარალელურად რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობას კვლავ ზრდის. არსებული ცნობებით, აშშ-მ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს.

კომენტარები