მიხეილ სააკაშვილი

"გწერ, როგორც კოლეგასა და მშობელს" – სააკაშვილის მამა იუსტიციის მინისტრის მამას მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამას წერილით მიმართა და მოუწოდა, რომ გამოხატოს დამოკიდებულება მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებასა და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

"გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას - სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმისდა მიუხედავად, ის პატიმარი იყო, თუ არა. გრიგოლ, კარგად მახსოვს შენი სიხარული და სიამაყე, როდესაც შენი შვილი პრეზიდენტის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში განათლების მისაღებად. იმ პრეზიდენტის, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო ართმევს სიცოცხლის უფლებას და არ გადაყავს სამოქალაქო კლინიკაში. არასდროს დამავიწყდება შენი აღტკინებული, ემოციური საუბარი ჩემთან, რასაც მე სიხარულით შევხვდი. 

დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პატრიოტი ციხეშია (ისტორია განსჯის სამართლიანად თუ არა). მე მიმაჩნია, რომ შენი მოქალაქეობრივი ვალია, როგორც ექიმის, ჰუმანისტის, მშობლის, გამოხატო საზოგადოდ შენი დამოკიდებულება მოშიმშილე პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად და დაუყოვნებლივ მის გადასაყვანად შიმშილობის შემდგომ სამოქალაქო სარეაბილიტაციურ ჰოსპიტალში. 

გრიგოლ, ღმერთმა დაგიფაროს, ნამდვილად არ გისურვებ შენ მოხვდე ჩემ მდგომარეობაში. მე დაგიდგებოდი გვერდში, როგორც კოლეგა და ექიმი და უშიშრად გამოვხატავდი ჩემს პოზიციას!", - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. ასევე, ექსპრეზიდენტი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის  გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. 

კომენტარები