გირჩი - მეტი თავისუფლება

პოლიციამ გირჩი – მეტი თავისუფლების აქციებზე გიორგი ფუტკარაძე და ტორესა მოსი დააკავა

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრებისა და მხარდამჭერების მიერ 6 ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელების ბლოკირების შემდეგ პოლიციამ ბათუმში პარტიის წევრი, გიორგი ფუტკარაძე დააკავა. ასევე თელავში დაკავებულია მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი. 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის კიდევ ერთ წევრს, ბადრი გრიგალაშვილს პოლიციამ ტელეფონი წაართვა და მასთან კონტაქტს ვერ ამყარებენ.

ტაბულა დაკავებულების შესახებ დამატებითი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გირჩი-მეტი თავისუფლების ცნობით, ექვს ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისების შესასვლელები დაბლოკეს – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში.

"ყველა შენობის შესასვლელი ბლოკირებულია სატრანსპორტო საშუალებებით. გირჩი ითხოვს სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას, რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში". – აცხადებენ პარტიაში.

კომენტარები