მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: სააკაშვილის მაცივრით შემოსვლა და ფეიკ შიმშილი ქვეყნის იმიჯზე ახდენს გავლენას

"ქვეყნის იმიჯზე გავლენას არა თუ ეს, არამედ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მაცივრით შემოსვლა, ფეიკ შიმშილი და სხვადასხვა შოუ ახდენს გავლენას". - ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას - რა გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთდა?

"ქვეყნის იმიჯზე მე მგონი ცუდი გავლენა უნდა მოახდინოს იმან, როდესაც ყოფილ პრეზიდენტად წოდებული პირი, მაცივრით შემოდის ქვეყანაში და ჩადის დანაშაულს არაჟნებთან ერთად. შემდეგ კი, ეს ადამიანი კადრულობს და შიმშილობს და არც შიმშილობს, ეს არის ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი. ამას წერტილი უნდა დაესვას, ამ ფეიკ შიმშილობასაც და მთელ შოუებსაც. უკვე ისტერიკაში არიან ჩავარდნილები, ხვალ იკრიბებიან რაღაც გაუგებარ ადგილას, ვაჟა ფშაველას ძეგლთან - თვითონ ვერ გაიგეს ოღონდ რატომ იკრიბებიან იქ. გუშინ აქციაც ვერ გამართეს და ა.შ. ეს არის მათი ბოლო მცდელობა, რომ პატარა არეულობა მაინც შექმნან ქვეყანაში". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 


მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები