აქციები

დეკანოიძე: დაუყოვნებლივ თქვან, სად არის 26 დაკავებული, ვიცით მხოლოდ 20-ის ადგილსამყოფელი

ხატია დეკანოიძე
მთავარი

ენმ-ს ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს, სუს-სა და ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავებული ოპოზიციის 46 აქტივისტისგან, 20-ის ადგილსამყოფელი უცნობია. 

მისივე ინფორმაციით, 26 დაკავებული სხვადასხვა რაიონებში ჰყავთ გადაყვანილი, ხოლო 20 აქტივისტის, პოლიტიკოსებისა და საკრებულოს წევრების ადგილსამყოფელი ამ დრომდე, უცნობია. 

"კატეგორიულად მოვითხოვთ ჩემი კოლეგების სახელით, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად იმყოფება 20 ადამიანი, ჩვენ ვიცით მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი. მეტსაც გეტყვით ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, ეს ადამიანები გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონში, ხოლო ის ადამიანები, ვინც დააკავეს - ჩვენი აქტივისტები, საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები, ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ ვიცით. არ ვიცით ადგილსამყოფელი 20 ადამიანის - მათ შორის, ბაჩო დოლიძის, მურმან დუმბაძის, ნიკა ფაფრულავას და ზვიად კუპრავას. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები". - ამბობს დეკანოიძე. 

დღეს, 10 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ჯამში ოპოზიციის 46 აქტივისტი დააკავა. თბილისში საპროტესტო აქცია ერთდროულად ე.წ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა. სუს-თან და ჯანდაცვის უწყებასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-ს განცხადებით, "იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას", პოლიციამ აქტივისტები დააკავა. 

კომენტარები