ცენზურა ჩინეთში

ჩინეთმა ინფლუენსერებს საინვესტიციო და ფინანსური რჩევების გაცემა აუკრძალა

სი ძინფინგი

ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ ინფლუენსერებს საინვესტიციო და ფინანსური რჩევებს გაცემა აუკრძალა და საბროკერო კომპანიებს სოციალური პლატფორმების საშუალებით რეკლამების გაკეთება შეუზღუდა

საბროკეროების მიერ კლიენტების მოსაზიდად ცნობილი ინფლუენსერების დაქირავება მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. 

ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, საინვესტიციო რჩევების გაცემა საპასუხისმგებლო საქმეა, რომლითაც მხოლოდ პროფესიონალი ეკონომისტები და ფინანსისტები უნდა კავდებოდნენ და არა ცნობილი სახეები, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. 

მარეგულირებელი ორგანო საბროკეროების თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ ყურადღების მისაქცევად "სენსაციური" სიახლეების გავრცელებისაგან თავი შეიკავონ. 

ჩინელი კანონმდებლების შეფასებით, ახალი რეგულაციების დაწესების მიზანი "კეთილსინდისიერი" გარემოს შექმნა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში კომუნისტური მთავრობის ზეწოლა საფინანსო და კერძო სექტორზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაწესდა რიგი რეგულაციები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავენ ბაზარსა და მომხმარებლებს. 

გამკაცრებული რეგულაციების გამო, ჩინეთის ბაზარი არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა და ასობით ადგილობრივი ორგანიზაცია გაკოტრების ზღვარზეა. კრიტიკოსების შეფასებით, სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შეზღუდვის გზით ჩინეთის მთავრობის მიზანი იმ კომპანიების გაძლიერებაა, რომელთაც თავად კომუნისტური პარტიის წევრები ფლობენ და აკონტროლებენ. 
 

კომენტარები