ცენზურა ჩინეთში

ჩინეთში ცნობილ ადამიანებს "არასწორი" პოლიტიკური აზრის გამოხატვა აეკრძალათ

ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი

ჩინეთის კომუნისტური მთავრობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას განაგრძობს, ამჯერად, ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის ბრძანებით, ცნობილ ადამიანებს, მუსიკოსებსა და კინოვარსკვლავებს "არასწორი პოლიტიკური აზრის" გამოხატვა აეკრძალათ. 

ეროვნული რადიო და სატელევიზიო ადმინისტრაციის ცნობით, სატელევიზიო არხებს, გამოცემებს, რადიო სადგურებს, ინტერნეტ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებს დაევალათ მასალის მკაცრი კონტროლი. 

თუკი გაშუქებული პროგრამის, მსახიობის ან მოწვეული სტუმრის მორალური ღირებულებები და პოლიტიკური შეხედულებები წინააღმდეგობაშია კომუნისტური პარტიის ხედვებთან, სამაუწყებლო კომპანია დაისჯება. 

მმართველი პარტიის განმარტებით, რეგულაციების მიზანია პატრიოტული გარემოს შექმნა და ქვეყნის ეროვნული ერთობის გაძლიერება.  

კანონმდებლების თქმით, ის, ვისაც არასწორი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ემიჯნება კომუნისტურ პარტიას, მედიისა და საზოგადოების მიერ განდევნილი უნდა იყოს. 

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა "ვულგარული" შინაარსის მასალების გამოქვეყნება და "ქალური" სტილის მქონე კაცების ფოტო თუ ვიდეო მასალის გაშუქება. ეს უკანასკნელი რეგულაცია პოპ მუსიკის შემსრულებლების წინააღმდეგაა მიმართული. 

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ჩინეთში აიკრძალება ყველა ის კარაოკე სიმღერა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ და ტერიტორიულ მთლიანობას. 

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განმარტებით, სიმღერები არ უნდა აღვივებდეს ეთნიკურ სიძულვილს, აქეზებდეს ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებას, კრიმინალს, აზარტულ თამაშებს ან კულტებსა და ცრურწმენებს.

"აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს ძირეულ სოციალისტურ ღირებულებებს და ქვეყანას ეროვნულ და იდეოლოგიურ უსაფრთხოებას შეუნარჩუნებს". – განმარტავენ სამინისტროში. 


ჩინეთის კომუნისტური მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის "ნააზრევი" დაემატება

განათლების სამინისტროს ცნობით, ძინფინგის მოსაზრებებს სოციალიზმის, პოლიტიკისა და თანამედროვე ჩინეთის შესახებ შეისწავლიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები.

"ძინფინგის ნააზრევი" ერთგვარი დოქტრინაა, რომელიც 2017 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონსტიტუციაში ჩაეწერა. ის ძინფინგის იდეების და პოლიტიკის გაერთიანებაა, რომელიც 14 მუხლისგან შედგება და ქვეყნის მართვისა და განვითარების ზოგად სტრატეგიას სახავს. 

ახალი გეგმა მიზნად ისახავს, მმართველი პარტიის მორჩილი ახალგაზრდების აღზრდას, რომელთაც ძლიერი პატრიოტული და მარქსისტული ღირებულებები ექნებათ. 

მთავრობის განმარტებით, სასწავლო გეგმის რეფორმა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში სწორი აზრის ჩამოყალიბებას და ქვეყნის გაძლიერებას. 

კომუნისტური პარტიის ღონისძიებაზე სი ძინფინგმა თქვა, რომ ის გეგმავდა პარტიული ღირებულებების საზოგადოებაში გავრცელებით ჩინელი ხალხის გაძლიერებას და გაერთიანებას. 

კომენტარები