მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია: ვაგრძელებ შიმშილობას, თუ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მივიღებ მედიკამენტებს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, გუშინ, 8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანას გამოეხმაურა. ხოშტარიას თქმით, სააკაშვილის გლდანში გადაყვანა, გარდა მისი შეურაცხყოფისა იყო ადამიანების პროვოკაციაზე გამოწვევა.

 "ეს ვითარება არ არის სიურპრიზი, სამწუხაროდ, ჩვენ ამის მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასე იქცევა და ასე მოიქცევა გვქონდა, ჩვენ არ ვპაირებთ წუწუნს, ჩვენ არ ვაპირებთ ასე უბრალოდ ვაივიშს, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის ძალიან მტკიცედ გაგრძელებას. რაც შეეხება ჩემი ბრძოლის ფორმას". – თქვა ხოშტარიამ

ხოშტარიას თქმით, ის არ შეწყვეტს შიმშილობას სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება, ხოლო დღეს მისი უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო გაიზარდა. 

"რა თქმა უნდა, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, ვაგრძელებ შიმშილობას და ერთადერთი, პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებ მედიკამენტებს. თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი უკვე არის სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას, ამ ბრძოლის გზით. ეს გამარჯვება შეიძლება დღეს არ ესმის, რომ სჭირდება ყველა საქართველოს მოქალაქეს. მაგრამ ჩვენ თუ ამ ბრძოლაში არ ჩავდეთ სრული ენერგია, ყველა საქართველოს მოქალაქე არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. ამას ვერ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ". – ამბობს ხოშტარია

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მე-7 დღეა შიმშილობს.

გუშინ, 8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტი, ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში განთავსებას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ცნობით, ასეთივე იყო კონსილიუმის საბოლოო დასკვნაც, რომელიც მათ დღეს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს. 

არც ადვოკატები და არც სააკაშვილის ოჯახის წევრები წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ. მეტიც, თითქმის ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო ექსპრეზიდენტის ადგილმდებარეობის შესახებ. 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ TV იმედის ეთერში თქვა, რომ "როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ახალ, N18 დაწესებულებაში, მან მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ამ თანამშრომლების შეურაცხყოფის უფლებას, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოთქვა "საფუძვლიანი ეჭვი", რომ გლდანის ციხეში შეყვანისას ექსპრეზიდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან." - ამბობს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს აქვს შიმშილობა გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს, შიმშილობის მე-6 დღეს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს აცხადებს გადასხმებზე. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები