არჩევნები 2021

ავტორიტარიზმი, რევოლუცია და სტრატეგიული მოთმინება

არჩევნები 2021

ავტორიტარიზმი, რევოლუცია და სტრატეგიული მოთმინება

დაბნეული საზოგადოება

თუ ამ არჩევნების შემდეგ ქვეყნის განწყობის მოკლედ შეჯამება გვინდა, ისე ჩანს, რომ ეს არის დაბნეულობა და შიში. ნორმალურ გარემოში არჩევნებმა, დროებით მაინც, რაღაც სახის სიცხადე უნდა მოიტანოს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვეკითხებით, "ეხლა რა მოხდება", "ეხლა რა უნდა ვქნათ?", და მკაფიო პასუხი არავის გვაქვს. შეიძლება შემომედავონ, რომ ჩემი "ბაბლის" მიხედვით ვმსჯელობ - თუნდაც ასე იყოს, არა მგონია, მის გარეთ განწყობა არსებითად განსხვავებული იყოს. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის, მისი სიცოცხლის და პოლიტიკური როლის საკითხია ყურადღების ცენტრში. ხელისუფლების სიხისტე სიტუაციას განსაკუთრებით გაურკვეველს და სახიფათოს ხდის. ამ ვითარების  შესაძლო განვითარებაზე აქ ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობასაც ვუსურვებ და თავისუფლებასაც (თუმცა ვიცი, რომ ეს ორი რამ მისთვის საკმარისი არ არის). იმასაც ვისურვებდი, შიმშილობა ახლავე შეეწყვიტა (ან არც დაეწყო), თუმცა ვიცი, მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოვახდენ. 

მაგრამ სააკაშვილის ციხეში ყოფნა და მისი სიცოცხლის მიმართ საფრთხე მხოლოდ ამწვავებს სიტუაციას, რომელიც უამისოდაც ძალიან რთული იყო. პრობლემის ძირი იმაშია, რომ გვაქვს ჩვენთვის მიუღებელი პოლიტიკური რეჟიმი, რომლის შეცვლა გვინდა, მაგრამ არ ვიცით, ამას როგორ მივაღწიოთ. ვიცით, რომ უიმედობის დათესვა ხელისუფლების ინტერესებშია, მაგრამ კონკრეტულად რისი იმედი უნდა გვქონდეს, ნათლად ვერ ვამბობთ.

ჩვენი გაურკვევლობა თვით რეჟიმის შინაგანად წინააღმდეგობრივ, ჰიბრიდულ ხასიათს უკავშირდება. ის შესაძლებელს ხდის კონკურენტულ არჩევნებს და არ გამორიცხავს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას; მაგრამ რამდენად რეალისტურია ამის შანსი კონკრეტულად ამ მთავრობის ხელში, ცალსახად ვერ ვამბობთ. 

ვიცით, რომ ხელისუფლება საარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მრავალ უკანონო მეთოდს იყენებს. მაგრამ რამდენად დიდია მათი საბოლოო შედეგი? ამ მეთოდების წყალობით იგებს, თუ მათ გარეშეც მოიგებდა? რამხელა უნდა იყოს ოპოზიციის რეალური უპირატესობა, რომ ხელისუფლების ამგვარი მეთოდებით შექმნილი "ფორა" გადალახოს? ამაზე მოსაზრება ბევრს აქვს, მაგრამ დასაბუთებული პასუხი - არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. შესაბამისად, მოქმედების სტრატეგიაზე შეთანხმებაც რთულია. 

ეს ყველაფერი საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს ეხება (არ დავმალავ და თვითონაც მას მივეკუთვნები). მაგრამ არც "მეორე მხარეს" უნდა სუფევდეს კმაყოფილება. ქართულ ოცნებას, გაჩენის დღიდან დღემდე, სხვა იდეა არასოდეს ჰქონია, გარდა იმისა, რომ ქვეყანას "ნაცებისგან" იხსნიდა. ეს ნიშნავდა მათი არა მხოლოდ ხელისუფლებიდან განდევნას, არამედ პოლიტიკიდან, "რადარებიდან" გაქრობას. მაგრამ აშკარაა, რომ "ოცნება" ვერ ასრულებს ამ ერთადერთ დაპირებასაც, რომელსაც მართლა გულით იძლეოდა. პირიქით, ბოლო წლების ტენდენცია იქითაა, რომ "ნაცები" ძლიერდებიან (თუმცა გაცილებით ნელა, ვიდრე თავად უნდათ). ამაში იგულისხმება როგორც "ნაცები" საკუთრივი აზრით, ანუ არა ნაციონალური მოძრაობა და მისი მომხრეები, არამედ პარტიათა, ორგანიზაციათა თუ ინდივიდთა ერთობლიობა, ვისაც თვითონ ხელისუფლება უწოდებს "ნაცებს", ანუ კრიტიკულად და ამავე დროს "პროდასავლურად“ ანუ პროდემოკრატიულად განწყობილი საზოგადოება. საშველი არც ე.წ. ქოცებისთვის ჩანს. 

შესაძლო სცენარები: რევოლუცია

თუ ვერ ჩამოვყალიბდით, რა ვქნათ, ჯერ მოვლენათა შესაძლო განვითარების ვარიანტები მაინც უნდა ჩამოვთვალოთ. 

სკეპტიციზმი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პერსპექტივის მიმართ (რასაც, ცხადია, საფუძველი აქვს) ობიექტურად აძლიერებს დაკვეთას რევოლუციურ სცენარზე. სამეზობლოში პრეცედენტი ბევრია: ჩვენი 2003 წლის გამოცდილება, უკრაინის ორი რევოლუცია, სომხეთის 2017 წლის "ხავერდოვანი რევოლუცია“. რატომ ჩვენთან არა? სააკაშვილის შიმშილობა და რეალური საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, "რევოლუციური მომენტის“ განცდას აძლიერებს. 

ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ, ჯერჯერობით, ამაზე ხელისუფლება უფრო ლაპარაკობს, ვიდრე ოპოზიცია (ის სიტყვა "გადატრიალებას“ ხმარობს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის). რატომ? შეგვიძლია, მხოლოდ ვიმარჩიელოთ, მართლა რას ფიქრობს ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილი ან ხალხი, ვის აზრსაც ის ანგარიშს უწევს (თუ ასეთები არსებობენ). ზედაპირზე დევს, რომ "გადატრიალებაზე" ლაპარაკი პიარია, სტაბილურობის მსურველი მოქალაქეების დაშინებაა. ეს კამპანია კარგა ხანია მიდის: ოპოზიციას ჯერ კიდევ როდის აბრალებდნენ ძველი საბურავების შეგროვებას გადატრიალების მოსამზადებლად. 

მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს მართლაც ეშინია რევოლუციის. ხელისუფლების განსაკუთრებით ხისტი ქცევა სააკაშვილის შიმშილობის კონტექსტში შეიძლება ამას მოწმობდეს: ივანიშვილს ისევე აქვს ყოფილი პრეზიდენტის მაგიური პოლიტიკური უნარების რწმენა, როგორც ამ უკანასკნელის ყველაზე ერთგულ მომხრეებს.  

თუმცა, ლოგიკურია სხვა ვერსიაც: ხელისუფლებას თავად უნდა, ოპოზიცია არაკონსტიტუციური მეთოდების გამოყენებაზე გამოიწვიოს, რითაც ის ლეგიტიმურ საბაბს მოიპოვებს, რათა, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავისი დაპირება, ანუ "დაასრულოს“ ნაციონალური მოძრაობა, როგორც "კრიმინალური პოლიტიკური ძალა". 

რევოლუციური სცენარის შეფასება უნდა მოხდეს არა მხოლოდ მისი სამართლიანობის ("ხელისუფლება სხვა გზას არ გვიტოვებს") არამედ, უპირველეს ყოვლისა, შესაძლო შედეგების თვალსაზრისით. 2003 წელს თუ შევადარებთ, დღევანდელი ხელისუფლება გაცილებით უფრო ძლიერია როგორც რეალური მხარდაჭერის დონით, ისე ძალაუფლების უფრო ეფექტიანი ინსტიტუტების წყალობით, რომლებიც მან წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. მას ჰყავს სერიოზული მოკავშირე ეკლესიის სახით. მეორე მხარეს, ანუ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის განწყობას თუ შევხედავთ, შეფასება უფრო რთულია: არ ვიცით, ეს განწყობები როგორ შეიცვლება. მაგრამ აქამდე, თუნდაც ოპოზიციურად მომართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში რევოლუციისთვის მზაობა აშკარად არ ჩანდა. 

სცენარი 2: ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია

გაურკვეველი, ჰიბრიდული რეჟიმები წრეზე უსასრულოდ ტრიალისთვის განწირულები არ არიან. გამოსავალი ორია: ან რეალური დემოკრატიზაცია, ან ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა თავისი რეალური დაპირება შეასრულოს, ანუ თვითონაც და თავისი მომხრეებიც "ამოასუნთქოს", მას ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია სჭირდება. ამისთვის მან უნდა გაანადგუროს ან რადიკალურად დაასუსტოს არა მარტო ოპოზიცია, არამედ დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება. რამდენად აქვს მას ამის რესურსები? 

არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მას ეს ძალიან გაუჭირდება. ისტორია გვაჩვენებს, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისთვის ხელისუფლებას სერიოზული საწყისი პოლიტიკური კაპიტალი სჭირდება: თავდაპირველად მაინც, ის მართლა პოპულარული უნდა იყოს. მაგალითად, ვლადიმირ პუტინმა ჯერ რეალური მხარდაჭერა მოიპოვა ჩეჩნეთის ომით და სხვა ფაქტორებით და ამის ფონზე ჩაანაცვლა ელცინის ჰიბრიდული რეჟიმი სრულად ავტორიტარულით. ივანიშვილის გუნდი, ამ ეტაპზე, თავს ვერაფრით მოიწონებს: მას მხოლოდ ინერციის ძალით, აგრეთვე "ნაცების“ დაბრუნების და "დესტაბილიზაციის“ შიშით უდგას პირი. ის სულ უფრო ავტორიტარულად იქცევა, მაგრამ წინააღმდეგობასაც აწყდება. 

რევოლუციის წარუმატებელი მცდელობა ამ რეჟიმის თუნდაც დროებითი გაძლიერების საუკეთესო შანსია - ან მას ასე შეიძლება ეგონოს. ასეთი რამ დაასუსტებს არსებულ ოპოზიციას და "მდუმარე უმრავლესობის“ აღქმაში გააძლიერებს ასოციაციას "პროდასავლურ ძალებსა“ და "დესტაბილიზაციას“ შორის. შეგვიძლია, იმედი გვქონდეს, რომ ადრე თუ გვიან, ოპოზიციური საზოგადოება ასეთი დარტყმისგანაც მოითქვამს სულს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.   

სცენარი 3: წინსვლა სტრატეგიული მოთმინების პირობებში 

რეალური დემოკრატიზაციის რა შანსები არსებობს, გარდა რევოლუციის მეტად სათუო სცენარისა? ესაა პოზიციური ბრძოლა, რაც ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას მოამზადებს. ამას სჭირდება სტრატეგიული მოთმინება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რეალობასთან შეგუებას და აქტიური ბრძოლის მეთოდებზე უარის თქმას. მაგრამ ამ შემთხვევაში ხელი უნდა ავიღოთ ნახევრად მისტიკურ ხედვაზე, თითქოს ცხრა წელი ერთგვარი მაგიური რიცხვია და საქართველოში ერთი პარტია ხელისუფლებაში მეტს ვერ ძლებს. პოლიტიკა მაგიის სფერო არ არის, ხოლო დემოკრატიულ ქვეყნებში მმართველი პარტიები ხანდახან უფრო დიდხანს ძლებენ ხელისუფლებაში. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველაფერს აკონტროლებენ და შეუცვლელები ხდებიან.  

ასეთი მიდგომის სასარგებლოდ ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ, ობიექტურ მაჩვენებლებს რომ შევხედოთ, ბოლო წლების ტენდენციები ოპოზიციისთვის სასარგებლო და ხელისუფლებისთვის საზიანოა, თუმცა ეს ცვლილებები გაცილებით ნელა ხდება, ვიდრე ბევრს უნდა. ხელისუფლება აღარც კი ოცნებობს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაზე - რაც ლამის ურყევი ქართული ტრადიცია იყო. ის იძულებული გახდა, სრულად პროპორციული სისტემა შემოეღო, რაც ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლის ყველაზე მაღალ შანსს (ცხადია, არა გარანტიას) იძლევა. 

შეზღუდული, მაგრამ მაინც წარმატება მოიტანა მუნიციპალურმა არჩევნებმაც. თუმცა ხელისუფლებამ თითქმის ყველა მეორე ტური მოიგო, მას ეს ძალიან გაუჭირდა. ბევრ შემთხვევაში განსხვავება იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ დამაჯერებლად შეიძლება ამტკიცო: დიახ, ხელისუფლებამ უკანონო მეთოდების ხარჯზე გაიმარჯვა. 

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიქმნა რამდენიმე რეგიონში ოპოზიციის გამარჯვების (წალენჯიხაში - მერის, სხვაგან - საკრებულოების დონეზე) პრეცედენტები. ესეც აჩვენებს, რომ პოლიტიკური ინიციატივა ოპოზიციის მხარესაა. ამის განცდა ასუსტებს მმართველ პარტიას და მასში შიდა განხეთქილების საფრთხეს აჩენს (ხელისუფლების, ერთგვარად, ისტერიული რიტორიკა ამის შიშითაცაა გაპირობებული). შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად "წალენჯიხის ავტობუსი“ საარჩევნო დემოკრატიის შანსს განასახიერებს და არა რომანტიკულ რევოლუციურ სულისკვეთებას. 

ოპოზიციამ უსამართლობის და უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს, მაგრამ, ამავე დროს, თუნდაც მცირე გამარჯვებებიც შეიფეროს. მისი მთავარი მტერია მოუთმენლობა, ხელისუფლების სწრაფად შეცვლის სურვილი. ემოციურად ეს სურვილი სრულიად გასაგებია, მაგრამ ამ ემოციით ხელმძღვანელობა სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის.

კრიზისი, როგორც შანსი

დღეს საქართველო იმყოფება პოლიტიკური კრიზისის აპოგეაში, რომელიც სულ მცირე, შარშან ოქტომბერში დაიწყო. ამ ახალ დონეზე ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეუპოვრობამ და თავგანწირვამ მიიყვანა. მე არ ვიცი, რით დამთავრდება ყოველივე ეს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ კრიზისი, რაც არ უნდა მძიმე იყოს ის, წინსვლის შანსიცაა. ეს შანსი ხელისუფლებამაც შეიძლება გამოიყენოს და ოპოზიციურმა საზოგადოებამაც. 

კომენტარები