მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბურჯანაძე: სააკაშვილი დანამატების მიღებაში თამთა დემურიშვილმა დაარწმუნა

სპეციალური პენინტენციური სამსახური

ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი საკვები დანამატების მიღებაში სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა დაარწმუნა, თუმცა ეს არ წარმოადგენს შიმშილობის დარღვევას და სამედიცინო საჭიროებაა.

"ადგილზე გადამოწმების შემდეგ, მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ფაფის მიწოდება პატიმრისთვის მოხდა სამედიცინო პერსონალის მიერ, როგორც პატიმარმა განგვიცხადა, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალტბატონი თამთა დემურიშვილი შეხვდა მას და დაარწმუნა მიეღო ამ ტიპის დანამატები, რაც არ ითვლება შიმშილობის დარღვევად, ეს წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას.

ბატონი მიხეილი გვეუბნება ამასთან დაკავშირებით, ქალბატონ თამთასთან ეს არ გადაგვიმოწმებია. ჩვენ ეს მონაცემები გადავამოწმეთ ადგილობრივ სამედინიცო პერსონალთანაც და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, მათი მოთხოვნით და ამის დანიშნულება იყო მხოლოდ ერთადერთი, რომ სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ, რომლებშიც მითითებულია რამდენიმე მილიგრამი, რასაც, ბუნებრივია, დიდი კვებითი ღირებულება არ აქვს და საციცოცხლო პარამეტრების მინიმუმადე შენარჩუნებას ისახავს მიზნად", - ამბობს ბურჯანაძე.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ამის დასადასტურებლად, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. ეს კადრების გასაჯაროებამდე სახალხო დამცველის განცხადებაშიც ეწერა, კერძოდ,  ომბუდსმენის ცნობით, "30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით".

6 ნოემბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს - დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი პირველად 24 ოქტომბერს შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 4 ნოემბერს სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

კომენტარები