გერმანია-რუსეთი

Der Spiegel: ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან ნაპოვნი მკვდარი დიპლომატი ФСБ-ს აგენტი იყო

გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის ცნობით, დიპლომატი, რომელიც გასულ თვეში, ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან გარდაცვლილი იპოვეს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) აგენტი იყო

19 ოქტომბერს, ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს. Der Spiegel-ის ცნობით, მათ უსაფრთხოების თანამშრომლებმა უთხრეს, რომ კაცი საელჩოს ზედა სართულიდან იყო გადმოვარდნილი. 

რუსეთის საელჩომ Interfax-თან დაამტკიცა რუსი დიპლომატის სიკვდილი, თუმცა უარი თქვეს "ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე" კომენტარი გაეკეთებინათ, "ეთიკური მიზეზების" გამო.

ბერლინის პოლიციამ Der Spiegel-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და თქვეს, რომ მედიის წარმომადგენლებს კითხვებით პროკურორებისთვის მიემართათ. პროკურორებმა ინფორმაცია არც დაამტკიცეს და არც უარყვეს. რუსი დიპლომატის გვამის პოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. 

Der Spiegel-ის ცნობით, მათ უსაფრთხოების ანონიმურმა წყაროებმა უთხრეს, რომ უცნობი იყო თუ როგორ გადმოვარდა დიპლომატი საელჩოს შენობიდან და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი. მათივე ინფორმაციით, რუსულმა მხარემ უარი თქვა გარდაცვლილის სხეულის ექსპერტიზისთვის გაკვეთაზე. 

როგორც რუსულმა მხარემ Interfax-თან თქვა, გარდაცვლილის ნეშტის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გერმანიის შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებთან შეათანხმეს. 

Der Spiegel-ის ცნობით, გარდაცვლილი დიპლომატი, რომლის სახელი და გვარი არ გასაჯაროებულა, საელჩოში აღრიცხული იყო, როგორც მეორე მოადგილე. ასევე, როგორც გამოცემაში ამბობენ, ის იყო ФСБ-ს მეორე, ანტიტერორისტული სამსახურის რუსეთში მყოფი მაღალჩინოსნის ნათესავი. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გერმანიის მთავრობამ რუსი დიპლომატის გარდაცვალების შესახებ იცოდა, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. 

კომენტარები