მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია: ხელისუფლებამ დახმარება უნდა აღმოუჩინოს მოშიმშილე პატიმარს

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც 36-ე დღეა შიმშილობს, განცხადებას ავრცელებს. ეპარქია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს მოშიმშილე პატიმარს.

"რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია მ. სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას, რომ გნებავთ შიმშილობის მიზეზით, ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ. პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს.

ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს". – წერია განცხადებაში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 36-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ომბუდსმენის აპარატმა სამკურნალო დაწესებულება მეორედაც შეამოწმა და განაცხადა, რომ კლინიკაში სამედიცინო ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

კომენტარები