მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: ხალხი უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ

unian.net

"საზოგადოება უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ". - წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის წერილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ წაიკითხა.  

მიხეილ სააკაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადეობა ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ - ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და, რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. 

მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას - ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს. ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და ოტბორმა ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისაკენ. რატომ არის მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად? იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებსა და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება. და, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას. როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის 1 დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ. მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ. ასევე, გზადაგზა, ცხადია, იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავარია მრავალრიცხვოვნობა და თქვენ, დიახაც რომ, წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი, ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. 

ასევე, მივესალმები ელენე ხოშტარიას, დიახ, ელენე, არ დამვიწყებია, რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის, სერგის შვილისშვილი ყოფილა, მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით, რომელსაც, ყველა სხვა მოშიმშილესაც, მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია. მეგობრებო, კიდევ ერთხელ, შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხვოვანნი, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არცერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ, არის საშუალება იმისთვის, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, ჩვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელის ჩაყოფა, სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან" 

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 36-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.    

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი პირველად 24 ოქტომბერს შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 4 ნოემბერს სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-3 დღეა შიმშილობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კი რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქციები იმართება. 

კომენტარები