მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გიული ალასანია ზელენსკის: სასოწარკვეთილი ვარ, შვილს თვალწინ მიკლავენ, დამეხმარეთ

გიული ალასანია

"მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. ჩვენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ" - საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. 

ვიდეომიმართვას გიული ალასანია FACEBOOK-ზე ავრცელებს და ზელენსკის დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, უნდა მოინახოს გზა, რომ სააკაშვილი უკრაინაში გადაიყვანონ და სათანადოდ უმკურნალონ. 

"მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ როგორმე უნდა მოვაწყოთ მისი გადმოყვანა აქ, უკრაინაში, რათა შესაბამისი მკურნალობით იქნეს უზრუნველოყოფილი და რამენარიად გადარჩეს. 

35-ე დღეა რაც შიმშილობს, წარმოგიდგენიათ? ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს, მაგრამ ეს არავის ადარდებს. ერთადერთი რასაც მას სთავაზობენ - ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არაა არანაირი პირობა ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის.

ერთადერთი, თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ყველას იმედი მაქვს - უკრაინის ხალხის, დეპუტატების. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის.  მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა თქვენგანის - უკრაინის ხალხის, დეპუტატების. და მე მივმართავ უკრაინის მთავრობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის".- ამბობს გიული ალასანია. 

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

3 ოქტომბრეს მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა და თქვა, რომ ის კიდევ უფრო დასუსტებულია და ტესტების პასუხიც გაუარესდა. თუმცა, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

კომენტარები