ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ინდური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, Covaxin-ს საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა.
უკანასკნელი კვლევების თანახმად, კომპანია Bharat Biotech-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 78%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა.
Covaxin-ი ინდოეთის მასშტაბით რამდენიმე თვეა გამოიყენება და ადმინისტრირებული დოზების რაოდენობა მილიონს აჭარბებს.
ჯანმოს ექსპერტების შეფასებით, ვაქცინისგან მომავალი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს და ავტორიზაციის მინიჭება იმის დასტურია, რომ Covaxin-ი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
კომპანიის განმარტებით, წლის ბოლოდან ვაქცინის საწამოო შესაძლებლობები გაიზრდება და მისი საექსპორტოდ გატანაც იქნება შესაძლებელი.
ამჟამინდელი მონაცემებით, ინდოეთში 337 მილიონი მოქალაქეა სრულად აცრილი, რაც მოსახლეობის 24.4%-ა.