საფრანგეთი-გერმანია

მაკრონმა მერკელს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცელრ ანგელა მერკელს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა. მაკრონმა მერკელს ბურგუნდიაში, საფრანგეთის ღვინის რეგიონში უმასპინძლა და ევროპის ერთიანობის შენარჩუნებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"მას შემდეგ რაც კანცლერი გახდით, საფრანგეთმა გაგიცნოთ და შეგიყვარათ" - თქვა მაკრონმა მერკელისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭებისას.

მაკრონმა აღნიშნა, რომ მერკელი პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან და შემდეგ ნიკოლა სარკოზისთან ერთად ეკონომიკური კრიზისი გამკლავებისთვის და ევროზონის ერთიანობისთვის მუშაობდა, ფრანსუა ოლანდთან ტერორიზმსა და საიმიგრაციო კრიზისს უმკლავდებოდა, ხოლო მაკრონთან ერთად Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში იყო ჩაბმული.

"ყველა ამ კრიზისში თქვენ ევროპის ერთიანობის შენარჩუნებისთვის მუშაობდით. იმედი მაქვს, გაკვეთილი რომელიც გვასწავლეთ, მტკიცედ ვიდგეთ და ყველა იყოს ერთიანი, დიდხანს გაგვყვება" - თქვა მაკრონმა.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებს პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებიათ. მაკრონიც და მერკელიც ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერები არიან და პანდემიასთან გამკლავებისთვის მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.

გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ 67 წლის ანგელა მერკელი 16 წლიანი მმართველობის შემდეგ კანცლერის თანამდებობას დატოვებს.

კომენტარები