ბელარუსი

ინტერპოლმა ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას ძებნაზე უარი თქვა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

ინტერპოლი მიიჩნევს, რომ ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას საერთაშორისო ძებნისთვის უწყების არხების გამოყენება შეუძლებელია. ამის შესახებ სატელევიზიო ეთერში ბელაურსში ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ისაუბრა.

მედვედევის თქმით, ეს გადაწყვეტილება ინტერპოლის საგანგებო სამუშაო ჯგუფმა მასალების შესწავლის შემდეგ მიიღო. მედვედევი აღნიშნავს, რომ ინტერპოლი ეჭვის ქვეშ არ აყენებს ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს და ძებნაზე უარი გამომდინარეობს ინტერპოლის წესებისა და ნორმებიდან.

აღსანიშნავია, რომ ტიხანოვსკაია ძებნილთა სიიდან ამოშალა რუსეთმა. რუსული პრესის მიხედვით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ტიხანოვსკაია ძებნის ინიციატორი მხარის, ბელარუსის მოთხოვნის საფუძველზე ამოიღეს ძებნილთა სიიდან.

ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ 6 მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმეები მას ძირითადად ექსტრემიზმში, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში და ტერორიზმში ადანაშაულებენ.

სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატი და ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე იყო. არჩევნებში ოფიციალური ინფორმაციით ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ხელისუფლება ძალადობრივად ახშობდა. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობდა, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ტიხანოვსკაია ახლა ლიტვაში ცხოვრობს. მისმა ოფისმა "ბელარუსის დემოკრატიის ოფიციალური წარმომადგენლობის" სტატუსი მიიღო. ლატუშკო ახლა პოლონეთში ცხოვრობს. მან ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლობა ჩამოაყალიბა, სახელწოდებით "ეროვნული ანტიკრიზისული სამმართველო".

კომენტარები