მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ლელო: სააკაშვილის კლინიკაში არ გადაყვანა პატიმრის მოკვდინების მცდელობად შეფასდება

ლელომ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდეს. პარტიის წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება ასე არ მოიაქცევა, ეს მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად შეფასდება და ამაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილიც იქნება.

"რაც ახლა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულების განხორციელებასთან და სამართალთან. კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო ფართოპროფილურ კლინიკაში, რომელსაც ექნება შესაძლებლობა გაუმკვლავდეს იმ რისკებს, რომელიც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინაშე დგას, როგორც ეს ხდება ასეულობით სხვა პატიმრის შემთხვევაში.

თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად, რაზეც შესაბამისი თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს. გაფრთხილებთ, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ დაღად დააჩნდება ისტორიის მოკლე მონაკვეთში უკვე მეორე პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვა და ამაზე პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ჩუმი თანხმობა", - თქვა ნაცვლიშვილმა.

აქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 32-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

კომენტარები