არჩევნები 2021

აშშ-ს საელჩო: მხარეებმა არჩევნების დავების გადასაჭრელად მშვიდობიანი გზები გამოიყენონ

Shutterstock

აშშ-ს საელჩო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ განცხადებაში მხარეებს მოუწოდებს, რომ საარჩევნო დავების განსახილველად სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები გამოიყენონ. 

ამერიკის საელჩოს თქმით, ძალადობითა და საკითხის კანონის მიღმა მოგვარებით საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება. 

"ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით", – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 


30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები