უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.
მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს - ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება.
ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს.
ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ქონდეს ამაში დასაკარგი დრო.
ჩვენ, ახალი ენერგიით და ახალი, მომავალზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შევუდგებით ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას.
ამ მიზნების მისაღწევად კი, ჩვენ თითოეული თქვენგანის თანადგომა, ენერგია და გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ, ყველა თბილისელი, საქართველოს ყველა მოქალაქე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის უკეთესი მომავლის საშენებლად.
მე ამ საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ამ საქმეში თითოეული თქვენგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს, რადგან ერთად შეუძლებელს შევძლებთ.





