არჩევნები 2021

შსს: საარჩევნო უბანთან მელიას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაწყებულია გამოძიება [VIDEO]

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბანში ოპოზიციის მერობის კანდიდატ ნიკა მელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის გამოძიება დაიწყეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 

"ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც შეკრებილი იყვანენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია მხარდამჭერებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

საარჩევნო უბანზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

ნიკა მელიას ინფორმაციით, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე შუქი ჩააქრეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც ნიკა მელიას დაუპირისპირდნენ. უბანთან იყო ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანიც. მელიამ დავუთულიანს ჰკითხა, თუ რატომ ჩააქრეს უბანზე შუქი, დავითულიანმა კი უპასუხა, რომ "მოკლე ჩართვა მოხდა, ეს არჩევნები კი ნიკა მელიას აქვს წაგებული".  

მანამ, სანამ ნიკა მელიას ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ, ქართული ოცნების აქტივისტებმა მას აგინეს - დაპირისპირებისას ადგილზე იყო ბექა დავითულიანიც. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე.

კომენტარები