სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "შეთქმულების ფაქტზე" გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მასალების მხოლოდ ნაწილი გაავრცელეს, რაც მიზნად ისახავდა პრევენციული ღონისძიებების გატარებას და მოსახლეობის ინფორმირებას კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნების თაობაზე.
"გვსურს საზოგადეობას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი ახორციელებდა შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად. გამოძიების ფარგლებში დაუყონებლივ გატარდა სათანადო ზომები და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი, რომლის გასაჯაროებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, გუშინ იხილა საზოგადოებამ.
გამოძიების დაწყებისა და წარმოების ლეგიტიმური მიზანი გახლავთ დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და მის განხორციელებაში ჩართული პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ზომების გატარება. ხსენებული მიზნის მისაღწევად საგამოძიებო ორგანოში ყოველწუთიერ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები.
გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში ნათლად გამოჩნდა თუ როგორ საუბრობდნენ ცალკეული პირები დესტრუქციული ძალების მობილიზებაზე, ავტომანქანებით გზების ჩახერგვაზე, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებასა და შტურმზე და უფრო მეტიც, იმაზე, რომ სასურველი შედეგის მიღწევა სისხლის დაღვრის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მოვახდინეთ საზოგადოებისათვის მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების მიწოდება, რაც აგრეთვე მიზნად ისახავდა პრევენციული ღონისძიებების გატარებას და მოსახლეობის ინფორმირებას კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნების თაობაზე, რათა მოქალაქეებმა ნებსით თუ უნებლიედ მონაწილობა არ მიიღონ ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს და მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ.
გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით". - წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუს-მა აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელიც მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. გავრცელებულ მასალებში, უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ენმ-ს წევრები "დესტრუქციულ ქმედებებზე" საუბრობენ. სუს-ის განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.
გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 29-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტიის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.





