მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოიძე: ვინ ეკითხება სამართლებრივად პრემიერს, სად აღმოუჩენენ დახმარებას სააკაშვილს

ხატია დეკანოიძე
მთავარი

"სუფთა სამართლებრივად რომ მივუდგეთ, ვინ ეკითხება საქართველოს პრემიერმინისტრს სად იქნება გადაყვანილი და როგორ იქნება სამედიცინო დახმარება აღმოჩენილი საქართველოს პრეზიდენტისთვის?" - ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.

"ეს არის, ექიმების და პირადი ექიმის გადასაწყვეტი, რომელსაც ენდობა საქართველოს პრეზიდენტი". - ამბობს დეკანოიძე TV პირველის ეთერში. 

მისივე თქმით, ისინი არ ენდობიან ციხის საავადმყოფოს და მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულები არ არიან. 

"ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ და ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მე როცა ვამბობ, რომ არაადეკვატურია პრემიერმინისტრის განცხადება, ვგულისხმობ, რომ სამართლებრივად მისი განსასჯელი არ არის, როგორი იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში სამართლის დამოკიდებულება. ეს არის კონკრეტული საშიშროება და ეს ეხება მის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ციხის სამედიცინო ცენტრში დაცული, რადგან ხელისუფლების დამოკიდებულებაა ესეთი. არ გვაქვს მაღალი სანდოობა ამ სამედიცინო ცენტრის". - ამბობს დეკანოიძე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 24-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო. მისივე თქმით, სააკაშვილი თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაიყვანონ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

კომენტარები