მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი: სააკაშვილის ილუზიებით, 30-ში მხარდამჭერები საავადმყოფოდან გაათავისუფლებდნენ

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია. ღარიბაშვილის თქმით, "როგორც პრემიერმინისტრი, ინფორმაციებს ფლობს" და სააკაშვილის გეგმებზე საუბრობს: 

"სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ დაიწყებდა სიმულიანტობას, რომ თითქოს, მისი მდგომარეობა მძიმდება, რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში და წარმოიდგინეთ როგორი გეგმა აქვთ: მისი ილუზიებით 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი მხარდამჭერები და გაათავისუფლებდნენ. როგორი ბრიყვული და  გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა.

წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო ჯგუფს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა მას გამოსულიყო რუსთაველზე და მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც".- ამბობს ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრი სააკაშვილის ადვოკატების განცხადებასაც ეხმურება. ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაიყვანა საშიშია, რადგან, იქ იგეგმება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება. ღარიბაშვილი ადვოკატების განცხადებას აბსირდულს უწოდებს. 

"მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლება ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს? ამით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რაზე არიან წამსვლელი".- ამბობს ღარიბაშვილი. 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 24-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები