მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ყიფშიძე: კონსილიუმი თანახმაა, საჭიროებისას სააკაშვილი მაღალი კლასის კლინიკაში გადაიყვანონ

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი მაღალი კლასის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, თუმცა, ყიფშიძის თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულება ასეთი არ არის და სააკაშვილის იქ გადაყვანა "მკვლელობის ტოლფასია".

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასე თუ ისე, გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა. პრობლემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში. ყველა თანხმდება, რომ, შეიძლება, ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში. სააკაშვილს, მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მკვლელობაა. 

ჩვენ ვლაპარაკობთ მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოზე, ჩემი აზრით, ეს ციხის ჰოსპიტალი არ არის. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში. გლდანის ჰოსპიტალში გადასვლა იქნება მკვლელობის ტოლფასი. თვითონაც [მიხეილ სააკაშვილი] ზუსტად ამას ამბობს". – თქვა ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.

ყიფშიძის თქმით, წინა შეხვედრაზე  მსჯელობდნენ, თუ რომელ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანდნენ მიხეილ სააკაშვილს და პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოზე საუბარი არ ყოფილა.

"მაშინ პოზიცია ჰქონდათ, რომ იმსჯელებდნენ რომელ საავადმყოფოში გადაიყვანონ – სამოქალაქო საავადმყოფოში. მაშინ ლაპარაკი გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ იყო". – თქვა ყიფშიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 23-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები