არჩევნები 2021

"გამარჯვების მერე მინდა სატუსაღოს კარი ბათუმელებმაც გააღონ" – სააკაშვილის მიმართვა ბათუმში

დაკავებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს წერილით მიმართა. სააკაშვილმა შეკრებილ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ სურს, რომ რუსთავში მისი "სატუსაღოს კარი ბათუმელებმაც გააღონ".

"ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო, მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის, ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი თბილისში იყო 14-ში. მე მაგრად ვდგავარ. მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს. მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც კი ვერ გაბედა ჩემი მიყვანა და სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებულები და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმს, ნიშნავს, ბათუმში ოცნების ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესო მერი ბათუმის ისტორიაში, მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი.

ხოლო მათი გამარჯვების მერე, გელით რუსთავში. მინდა რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის, ბათუმელებმაც გააღონ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველა არჩევნებზე! არცერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით, ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმის პოზიციაში. გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს". – წერს სააკაშვილი მიმართვაში.

ბათუმში წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 23-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები