საპატიო თბილისელის წოდება

კახა კალაძემ 13 ადამიანს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა

თბილისის მერია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 13 ადამიანს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. 

"თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით, უშუალოდ თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით და ცხოვრების წესით. 

დღეს, გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი". - თქვა კახა კალაძემ. 

საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა: 

რისმაგ გორდეზიანს - ქართველ მეცნიერს, ფილოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს, აკადემიკოსს 

აკაკი ნადარეიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს 

ირაკლი ფავლენიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს

რამაზ ყურაშვილს - ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს

დავით კვაჭაძეს -  ფოტოგრაფს, კრივის სამგზის ჩემპიონს

ლილი კინწურაშვილს - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც, მერიის ინფორმაციით, 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება

ელგუჯა ბურდულს - მსახიობს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრს

პაატა კერვალიშვილს - ფიზიკოსს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს

ინგა ჯიბუტს - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, ტერმინოლოგს, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელს

ბადრი ქუთათელაძეს - მწერალს, პოეტსა და მკვლევარს, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, ღირსების ორდენის კავალერს

გრიგოლ ჩიგოგიძეს - თეატრმცოდნესა და ჟურნალისტს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის თბილისური აისის დამფუძნებელს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ ოქროს ფრთის ლაურეატს

დავით მუსხელიშვილს - ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს 

გივი ღამბაშიძეს - პროფესიით ზეინკალს, რომელიც, მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. მათივე ცნობით, გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და "წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში".

კომენტარები