კრიპტოვალუტა

ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 67 000 დოლარს მიაღწია – წარმატების მიზეზები

Financial Times

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ისტორიაში პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის [ETF] დებიუტის შემდეგ, ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 67 000 დოლარს მიაღწია.   

ETF-ი დარეგულირებულ საფონდო ბირჟებზე კრიპტოვალუტის ლეგალური გზით შეძენისა და საფინანსო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ბანკების მიერ პორტფელში ბიტკოინის განთავსების ერთ-ერთი საშუალებაა. 

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის შეძენა კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებზე აქამდეც იყო ნებადართული, თუმცა საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტის შეძენისგან თავის შეკავების ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ ბუღალტრულ ანგარიშგებაში მისი ასახვა რთულია.

გარდა ამისა, კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებისა და შესანახი ციფრული თუ ფიზიკური საფულეების გამოყენების შესახებ კანონმდებლობა ჯერაც ბუნდოვანია, რაც მსხვილი საინვესტიციო ბანკებისთვის გამოწვევას წარმოადგეს.

ექსპერტების შეფასებით, აშშ-ს საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანოს [SEC] მიერ ბიტკოინის ETF-ის დამტკიცება იმაზე მიუთითებს, რომ აშშ კრიპტოვალუტის აკრძალვას არ აპირებს და მისი დარეგულირების გზას ირჩევს. 

საინვესტიციო ბანკებსა და კომპანიებს კი ETF-ის წყალობით ბიტკოინის ლეგალური გზით შეძენის საშუალება მიეცემათ, რაც SEC-ის კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული და, შესაბამისად, თავიდან იქნება აცილებული ისეთი რისკები, როგორებიცაა: კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმების დაჰაკვა, გაკოტრება ან საფულის დაზიანება და გასაღების დაკარგვა. 

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase-ის შეფასებით, ბიტკოინის წარმატებისა და ფასის აღმავლობის მთავარი მიზეზი არა ETF-ა, არამედ ის ფაქტი, რომ ბიტკოინი ინფლაციისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბიტკოინის რაოდენობა 21 მილიონ ერთეულამდეა შეზღუდული და ამ ლიმიტის გადაჭარბება შეუძლებელია. 

"კრიპტოვალუტაში ახალი კაპიტალის დაბანდებისა და ფასის ზრდის მთავარ მიზეზად საფონდო ბირჟაზე ETF-ის განთავსებას არ მივიჩნევთ. ჩვენ ვთვლით, რომ ფასის ზრდის უმთავრესი მიზეზი ბიტკოინის შესახებ არსებული წარმოდგენაა, რომ ის ინფლაციისგან თავის დასაცავად ოქროზე უკეთესია". – განმარტავენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები. 

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინი ბოლო ათწლეულის საუკეთესო აქტივია და მისი ფასის ზრდის წლიური საშუალო მაჩვენებელი 200%-ს შეადგენს. შედარებისთვის, მიუხედავად ინფლაციის დონის ზრდისა, იმავე პერიოდში ოქროს ფასი არათუ გაზრდილია, არამედ შემცირებულია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ, გარკვეულწილად, ინფლაციისგან ჰეჯირების საშუალებად ოქროს ბიტკოინი ანაცვლებს. 

კომენტარები